თამარ ჟვანიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

05/07/2017

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“ – კონფერენციის მთავარი თემა იყო. ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში ჩართულმა მხარეებმა მიიღეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა და თამარ ჟვანიამ გახსნეს.
კონფერენციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე ძირითად საკითხზე, მათ შორის: წინასაარჩევნო პერიოდში, კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე, არჩევნებში ჩართული უწყებების საქმიანობაზე, ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობაზე ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების კუთხით.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სადამკვირვებლო მისიებთან მსგავს დიალოგებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ეფექტური საარჩევნო პროცესის წარმართვის კუთხით. „ჩვენ, ყველა პასუხისმგებელი უწყება დღეს ვართ დიალოგის რეჟიმში, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ამ შემთხვევაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად. მიგნებები, რომელიც ამ ორგანიზაციამ არჩევნებზე დაკვირვების შედეგად გამოავლინა არის ძალიან საინტერესო. მე მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეული მიგნებები ემთხვევა საარჩევნო ადმინისტრაციის მიგნებებს და საჭიროებებს, მაგალითად დავების ნაწილში, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე განახორციელა ძალიან ბევრი საგანმანათლებლო და სასწავლო ტრენინგი. ასეთი დიალოგები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ერთობლივად დანახული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების ძიება ეფექტური საარჩევნო პროცესის წარმართვის წინაპირობაა“- აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

კონფერენციაში მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციის გარდა, იუსიტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წამორმომადგენლებმა მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0