თამარ ტალიაშვილის ინიციატივით დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

29/04/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, დედამიწის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში საკრებულოსა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალური ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების ფილიალების, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და გალერეის აღსაზრდელებმა სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
აღსაზრდელებმა შეაგროვეს ჰერბარიუმი, ბოტანიკურ ბაღში არსებული მცენარეული ნარჩენებისგან შექმნეს კომპოზიციები, გააკეთეს ჩანახატები და დარგეს მცენარეები. დღესვე მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური მოეწყო, რის ფარგლებშიც ბოტანიკურ ბაღში დაცული მცენარეების უნიკალურ სახეობებს გაეცნენ.
ღონისძიება მუსიკალურად ა(ა)იპ თბილისის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა გააფორმეს.
ბოტანიკურ ბაღში შეკრებილ სტუმრებს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი თამარ ტალიაშვილი მიესალმა და ღონისძიების მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,დღევანდელი ღონისძიების მიზანია, რომ პატარა ასაკიდანვე განვავითაროთ ახალგაზრდებში გარემოს დაცვითი კულტურა, , რადგან კულტურა და ადათ-წესები ძალიან ეფექტური და ელეგანტური გზაა ისეთი ფუნდამენტური თემების გადასაწყვეტად, როგორიცაა ეკოლოგიის საკითხები . მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ აქციაში, რომელიც ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობით შედგა, ჩართულები არიან თბილისის მუნიციპალური ხელოვნების სკოლები, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლების ფილიალები, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა. მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და ყველა მონაწილეს“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატი ზაქარია კოლელიშვილი ესწრებოდა, რომელიც სტუმრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ მეტად მნიშვნელოვანია, მსგავსი კულტურული ღონისძიებებით ახალგაზრდებში ბუნების სიყვარულის გაღვივება.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თბილისის მუნიციპალური ხელოვნების სკოლების, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლების ფილიალების, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და გალერეის დირექტორები, პედაგოგები და აღსაზრდელების მშობლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0