თამარ ჩუგოშვილი და სოფიო ქაცარავა საფრანგეთის ელჩს შეხვდნენ

31/10/2017

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ საფრანგეთის ელჩთან, პასკალ მენიესთან შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე, მისი გაღრმავების პერსპექტივებზე და ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში დაგეგმილ ღონისძიებებზე. შეხვედრაზე განხილული იყო ასევე, საფრანგეთის ასამბლეისა და სენატის წევრების მომავალი ვიზიტის საორგანიზაციო დეტალები.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, მეგობრული და პარტნიორული.

„ჩვენი ერთობლივი სურვილია საფრანგეთის ასამბლეის და სენატის წევრების მოწვევა საქართველოში. ამ დელეგაციის ვიზიტის საორგანიზაციო შეხვედრა იყო დღეს, საფრანგეთის ელჩთან და შევთანხმდით ვიზიტის დეტალებზე“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.

„საუბარი ძირითადად შეეხებოდა პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობას საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. ვისაუბრეთ ღონისძიებებზე, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0