თამარ ჩუგოშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

05/12/2017

თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების საკითხებზე იმსჯელეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, როზარია პუგლისის შეხვედრისას.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით და უსაფრთხოების სფეროზე პარლამენტის ზედამხედველობის ინსტრუმენტებით დაინტერესდა.
თამარ ჩუგოშვილმა კონსტიტუციურ რეფორმასა და რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა და პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ნატოს სამეკავშირეო ოფისი, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებაში დიდ დახმარებას გვიწევენ. დღევანდელ შეხვედრაზე პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებთან ერთად, იმ ტრენინგების და გადამზადების კურსებზეც ვისაუბრეთ, რომელსაც ნატოს სამეკავშირეო ოფისი პარლამენტის თანამშრომელთა მიმართ გეგმავს“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გამართულ შეხვედრას ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი ტორსტენ დერიკი დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0