თამარ ხულორდავამ ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრები გამართა

29/09/2017

რიგის კონფერენციის ოფიციალურ გახსნამდე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, შეხვედრები გამართა ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ლოლიტა ჩიგანესთან, და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან ზანდა კალნინა ლუკაშევიჩთან.
თამარ ხულორდავამ ლატვიელ კოლეგებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი და მყარი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მან 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს ხედვებსა და მოლოდინზე ისაუბრა.
„ვისაუბრეთ ასოცირებული ქვეყნებისთვის უფრო ამბიციური შეთავაზების და შესაძლებლობის მინიჭების აუცილებლობაზე. ლატვიის პოლიტიკური მხარდაჭერა და გამოცდილება ძალიან ღირებულია საქართველოსთვის” – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ პარტნიორებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ერთობლივ ინიციატივებზეც მიაწოდა ინფორმაცია. მან 16 სექტემბერს ხელმოწერილ ერთობლივ კომუნიკეზე ისაუბრა, რომლითაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტები, ევროკავშირს, ასოცირებული პარტნიორების უფრო აქტიური მხარდაჭერისკენ და ამ ქვეყნების სუვერენიტეტის დასაცავად მკაფიო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
მხარეებმა ასევე, სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივ განცხადებაზეც გაამახვილეს ყურადღება, რომელშიც სამიტის დეკლარაციაში მომავალზე ორიენტირებული ხედვის და სამი ასოცირებული პარტნიორისთვის წევრობის პერსპექტივის დაფიქსირების აუცილებლობაზეა საუბარი.
შეხვედრაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი და ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და გამოწვევები.
თამარ ხულორდავამ ლატვიელ კოლეგებს მიმართა მხარი დაუჭირონ საქართველოს თხოვნას, ასოცირებული პარტნიორებისთვის ახალი, უფრო მასშტაბური თანამშრომლობის ინსტრუმენტის შექმნის თაობაზე, რაც საქართველოს და სხვა ასოცირებულ ქვეყნებს რეფორმების და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0