თამარ ხულორდავა ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის წევრებს შეხვდა

21/07/2017

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
საუბარი საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობით დაიწყო. მხარეებმა ისაუბრეს რუსული აგრესიის, ოკუპაციის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და კონფლიქტის დარეგულირებაში ევროკავშირის როლის შესახებ.
ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარემ სურვილი გამოთქვა უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთოშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის საკითხის განხილვაში.
თამარ ხულორდავამ სტუმრებს საოკუპაციო ხაზის მონახულებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში ევროკავშირის მისიის მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს ირლანდიის პარლამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მყარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, რაც ასახულია ევროკავშირის მიერ შემუშავებულ ყველა შესაბამის დოკუმენტში.
თამარ ხულორდავამ სტუმრებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის მიმართულებები გააცნო, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობაზე.
საუბარი შეეხო საპარლამენტო დიპლომატიას, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს, ასევე ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთობებს, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის საქმიანობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0