თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება

16/01/2018

მერიაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებით თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება, – ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარე რესტრუქტურიზაცია და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა ორი სხვადასხვა საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც, ოპონენტები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
ბექა დავითულიანის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით, თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება და საჯარო მოხელეები ყოველთვიური ანაზღაურების სახით ზუსტად იმდენივეს მიიღებენ, რამდენსაც ამ ცვლილებებამდე იღებდნენ. ბექა დავითულიანის განმარტებით, ახალი კანონის მოთხოვნების შესაბამისად, იცვლება ანაზღაურების სახელი და არა ოდენობა.
ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარემ მერიის სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი იმ საარჩევნო პროგრამულ პრიორიტეტებს მიჰყვება, რომელთაც თბილისის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა და რომელთა შორის მმართველობითი, ინსტიტუციური რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო.
ბექა დავითულიანის თქმით, წარმოდგენილი რესტრუქტურიზაციის მიზანი ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მერიის სამსახურების ეფექტიანობის გაზრდაა. მისივე თქმით, ამ ცვლილებების შედეგად, შესაბამისი სამსახურები იძენენ არა უბრალოდ ტექნიკური აღსრულების, არამედ პოლიტიკის განსაზღვრის ფუნქციასაც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ პრეზენტაციაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიაში სტრუქტურული რეფორმირების პროცესის დაწყებაზე ისაუბრა. აღნიშნულ ცვლილებებს დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0