თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკალმახე მეურნეობა ამოქმედდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში

02/10/2017

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკალმახე მეურნეობა ამოქმედდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში.
ახალქალაქელი მეწარმის აშოტ ხაჩატურიანის საკალმახე მეურნეობა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გაფართოვდა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გურბერნატორის მოადგილესთან გიორგი მიქელაძესთან ერთად მოინახულა.
საკლამახე მეურნეობაში, სადაც 4 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 8 ტონა კალმახს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება. კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 80,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 37,100 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 42,900 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.
2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა, როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ჯამში, სამცხე ჯავახეთის რეგიონში შეიქმნა 8 ახალი და გაფართოვდა 54 საწარმო.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0