თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად მიმდინარეობს დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება

13/05/2021

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინა, რომელმაც ქვეყნის გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებსა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები მნიშვნელოვნად არყევს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას და ჩვენს ქვეყანას კომპლექსური გეოპოლიტიკური გამოწვევების პირობებში უწევს საკუთარი უსაფრთხოების პრიორიტეტების განსაზღვრა.

„შავი ზღვის რეგიონში მისი პოლიტიკა, მზარდი მილიტარიზაცია, სამხედრო ძალებისა და მისი გამოყენების მზაობის დემონსტრირება მიზნად ისახავს რეგიონში დასავლეთის ინტერესებისა და წვდომის შეზღუდვას, სტაბილურობისა და მშვიდობის ხელყოფას. აღნიშნული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მისი მილიტარიზაცია, იქ არსებული მეოთხე და მეშვიდე ბაზები, ასევე ჰიბრიდული ომების მეთოდებით, მათ შორის, „მცოცავი ოკუპაციითა“ და ძალის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და უსაფრთხოების საერთო მიზნების გარშემო გაერთიანება.

„კოორდინირებული მოქმედებით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით და არსებული რესურსების ეფექტური გამოყენებით არის შესაძლებელი გაიზარდოს სამხედრო აგრესიაზე პასუხის ხანგრძლივობა და შეიზღუდოს მოწინააღმდეგის მიერ ინტერვენციის განხორციელების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს. რაც გულისხმობს სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და კონსოლიდაციას“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება და კეთილდღეობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია.

„თავდაცვის ძალები სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა, მისი სიძლიერე და ეფექტურობა, მაღალი მზადყოფნის დაფასებულ და მოტივირებულ ჯარისკაცს ეფუძნება და ჩვენთვის საამაყოა, რომ გვყავს ღირსეული და პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც მზად არიან დადგნენ ყველგან სადაც ქვეყანას სჭირდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა, მათ შორის ხაზგასმით აღნიშნა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვის მნიშვნელობა. მისივე თქმით, „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ახალი საწარმო ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს. მინისტრის თქმით, თავდაცვის ძალების სიძლიერისა და ბრძოლისუნარიანობისთვის ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარება. მისი თქმით, თავდაცვის ძალების მაღალი მზადყოფნის შენარჩუნებისა და მისი კიდევ უფრო ამაღლების მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება განსაკუთრებით თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შეიარაღების დანერგვის გზით. მინისტრმა საქართველოსა და ნატოს მჭიდრო ურთიერთობაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ წელსვე ნატოს მხარდაჭერით კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდება.

„თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად მიმდინარეობს დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. როგორც იცით, საქართველო უკვე არის ნატო-ს მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნული პლატფორმის ნატო-ს მეორე არაწევრი ქვეყანა. ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, უკვე მიმდინარეობს კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება. აქტიურად გრძელდება სადაზვერვო შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების დანერგვა. ასევე, ნატოს შტაბ-ბინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფის მიზნით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა. სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარების მიზნით გრძელდება თანამედროვე ტექნიკითა და აღჭურვილობით დაკომპლექტების პროცესი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის. საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესში თავდაცვის მინისტრმა კანონმდებლებს უწყებაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერაზეც ისაუბრა და ამ კუთხით ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი მაგალითად მოიყვანა.
ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დღეს უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა აშშ-საქართველოს ურთიერთობაც. ჯუანშერ ბურჭულაძემ კანონმდებლებთან აშშ-სთან წარმატებით მიმდინარე 3-წლიან სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ამოცანების შესრულებაზეც ისაუბრა. საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიისა და სკანდინავიის, ასევე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზეც. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ასევე, სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთთან, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს თავდაცვის ძალებს. თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთის მისიაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ 2021 წელს სრულდება ნატო-ს მისია ავღანეთში, ხოლო ქართული ქვედანაყოფების საქართველოში დაბრუნება ნატო-სთან და აშშ-სთან კოორდინაციით განხორციელდება.

„მინდა, ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში და აფრიკის კონტინენტზე, რომლებიც იცავენ გლობალურ მშვიდობას. როგორც იცით, 2021 წელს სრულდება ნატოს მისია ავღანეთში, რომელსაც თავაწეულები დავტოვებთ. აღნიშნული მიმართულებით, მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ როგორც ნატოსთან, ისე აშშ-სთან და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით განხორციელდება. მინდა, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს მადლობა გადავუხადო ავღანეთის მისიაში გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ ჩვენს გმირ სამხედროებს, ვინც თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ პარტნიორებთან ერთად, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, თავდაცვის პოლიტიკა დაფუძნებულია შემდეგ ძირითად პრიორიტეტებზე – თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ინსტიტუციური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობა და ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა. პრიორიტეტების განხორციელების პროცესში, თავდაცვის უწყება ეყრდნობა გრძელვადიან და სისტემურ მიდგომებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია უწყების კონცეპტუალურ დოკუმენტებში. მისივე თქმით, პრიორიტეტების განხორციელების პროცესში, თავდაცვის უწყება ეყრდნობა გრძელვადიან და სისტემურ მიდგომებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია უწყების კონცეპტუალურ დოკუმენტებში.

„ეს დოკუმენტები აყალიბებენ სისტემურ ხედვებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. გვაქვს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების ათწლიანი გეგმა, სადაც საუბარია შემდეგ პრიორიტეტებზე: ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ასევე, მიმდინარე წელს ჩვენ დავამტკიცეთ „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“ და ყოველწლიური „მინისტრის დირექტივები“, რომლებიც საშუალო და მოკლევადიან პერსპექტივაში განსაზღვრავენ მიზნების მიღწევის ცალკეულ ღონისძიებებს“, – განაცხადა მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა უპასუხა პარლამენტის წევრთა კითხვებს, რის შემდეგაც მინისტრის მიერ წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით პოზიციები გამოხატეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სახელით ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით, ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, ცალკეულმა დეპუტატებმა. უმრავლესობის სახელით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია გამოვიდა, რომელმაც მინისტრს მადლობა გადაუხადა საუკეთესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და წარმატებები უსურვა მნიშვნელოვანი და ამბიციური რეფორმების განხორციელებაში მთლიანად თავდაცვის ძალებს. ზოგადად გამომსვლელებმა როგორც პირადი, ასევე პარლამენტის სახელით, მხარდაჭერა აღუთქვეს სამინისტროს, შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის სისტემის აღმშენებლობის პროცესში.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მთელი საზოგადოების ჩართულობით, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმ დიად მიზანს, რაც შეიძლება გახდეს ქართველი ერის იდეა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დასკვნით სიტყვაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საინტერესო მოხსენებისთვის და ასევე წარმატებები უსურვა მინისტრსა და მის გუნდს.

„ნამდვილად საამაყოა, როდესაც ვხედავთ პროგრესს და ასევე საამაყოა, როდესაც ვხედავთ ჩვენი ქართველი ჯარისკაცების გმირობას, რომელიც ნამდვილად არის სამაგალითო მსოფლიო მასშტაბით და ხშირად ვისმენთ ძალიან დიდ შექებას ჩვენი გმირი ბიჭების მიმართ. მსურს გისურვოთ წარმატება, თქვენს გუნდს მინდა ვუსურვო წარმატება და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავამხნევოთ აქედან და გვერდში დავუდგეთ ყველა იმ ქართველ ჯარისკაცს, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის დასასრულს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0