თბილისის ზოოპარკს საჩუქრად აფრიკული პინგვინები გადაეცა

12/04/2017

თბილისის ზოოლოგიურ პარკს ბრისტოლის ზოოპარკისგან (დიდი ბრიტანეთი) საჩუქრად გამოგზავნილი 19 აფრიკული პინგვინი შეემატა. თბილისის ზოოპარკში ახალი ბინადრების გადმოცემის ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი, თბილისში ვიზიტით მყოფი ბრისტოლის დელეგაციის წარმომადგენელი _ ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე, თბილისის საპატიო მოქალაქე დერეკ პიკაპი და ბრისტოლის ზოოპარკის განვითარების დირექტორი რიჩარდ როლინგსი დაესწრნენ. თბილისთან დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ზოოპარკმა თბილისის ზოოპარკისთვის აფრიკული პინგვინების ჩუქება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ გადაწყვიტა. ახალი ბინადრების გამოგზავნა დაძმობილებული ქალაქის მხრიდან მეგობრობის კიდევ ერთი ჟესტია. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ბრისტოლსა და თბილისს დაძმობილების 30 წელი უსრულდებათ. აფრიკული პინგვინების მისაღებად ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გაფართოვდა ძველი პინგვინარიუმი, მოეწყო დამატებითი სივრცე და ქვიშიანი სანაპირო, გაკეთდა ახალი თავშესაფრები და საბუდრები. „აფრიკული პინგვინების ჩამოსვლას მოუთმენლად ელოდა ყველა. წყალდიდობამდე ზოოპარკში გვყავდა „ლივინგ ქოსთსის“ ზოოპარკის ნაჩუქარი პინგვინები, თუმცა, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ შევძელით. და აი, ისინი კვლავ დაგვიბრუნდნენ. აფრიკული პინგვინები გავრცელებული არიან სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში, შესაბამისად, საქართველოს ჰავა სრულად ესადაგება მათი სიცოცხლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს. აფრიკული პინგვინების მიღება ჩვენთვის დიდი პატივია, რადგან ეს სახეობა გადაშენების პირასაა და სპეციალურ პროგრამაშია ჩართული“, _ განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0