თბილისის მერიის განათლების პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

24/05/2017

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა. სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საჯარო სკოლების დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და თბილისის მერიის მიერ საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნინა ხატისკაცის თქმით, აღნიშნულ პროგრამებში საჯარო სკოლების ფართო ჩართულობა ცხადყოფს თბილისის მერიისა და საგანმანათლებლო სისტემის წარმატებულ თანამშრომლობას, რაც სკოლების შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება. განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების დაფინანსების მიზნით ახალი კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო განაცხადები 22 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით მიიღება. ღონისძიების ბოლოს, თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს სერტიფიკატები გადაეცათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0