თბილისის მერიის ყველა სამსახური აქტიურად არის ჩართული „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ განხილვაში

27/04/2017

ჩეხეთის საელჩოში, „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ მიმდინარეობის შესახებ, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილეები ირაკლი ლექვინაძე და ნინა ხატისკაცი, ასევე მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ გახსნა. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ კი „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, ქალაქის ძირითადი გარემოსდაცვითი და სოციალური გამოწვევების საპასუხოდ, სწორი ურბანული, გარემოსდაცვითი დაგეგმარება და მართვა ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, თბილისს ამ მიმართულებით, უახლოეს რამდენიმე თვეში, კონკრეტული სამოქმედო დოკუმენტი ექნება.
„ქალაქის ეფექტიანი და ქმედითი მართვისთვის გარემოს მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა აუცილებელია. შესაბამისად, თბილისის მერიის ყველა სამსახური აქტიურად არის ჩართული „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ განხილვაში. შერჩეულია კონსულტანტების ჯგუფი, რომელმაც წარმოადგინა გეგმის პირველადი ვარიანტი. რამდენიმე თვეში თბილისს „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა“ ექნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც დედაქალაქში საცხოვრებლად ბევრად უკეთესი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0