თბილისის მერი კახა კალაძე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია ყოველთვის დაუჭერს მხარს მსგავს პროექტებს.
„როგორც დედაქალაქის მერი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი ევროპული ქვეყნის დედაქალაქი ინატრებდა ასეთ სივრცეს და გარემოს. ახალგაზრდა თაობებსაც მიეცემა საშუალება, განვითარდნენ და ეს ნამდვილად მიხარია. მინდა მადლობა გადავუხადო გია ჯოხთაბერიძეს და მის ოჯახს ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მუზეუმში მისი დამფუძნებლების, გია ჯოხთაბერიძის და მანანა შევარდნაძის ოჯახის სურათების კერძო კოლექცია გამოიფინა, რომელიც 1945 წლიდან დღემდე, 80-მდე მხატვრის 3500 ხელოვნების ნიმუშს აერთიანებს.
საგამოფენო სივრცე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. მუზეუმში არსებულ კოლექციას დროდადრო ახალი ნამუშევრები შეემატება და მუდმივი ექსპოზიციის გარდა, დროებითი გამოფენებიც მოეწყობა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მხატვრები და მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.