თბილისის მერმა სტუდენტებს ლექცია წაუკითხა და ავტობაზა დაათვალიერებინა

15/09/2017

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“ ფარგლებში, ქართველ და გერმანელ სტუდენტებს ლექცია წაუკითხა. ლექციის ძირითადი თემა EBRD – სა და საქართველოს შორის ურთიერთობა იყო. კერძოდ ყურადღება ძირითადად ტრანსპორტის სისტემაზე გამახვილდა. თბილისის მერმა სტუდენტები მუნიციპალურ ავტობაზაზეც დაპატიჟა და მათთან ერთად ახალი, MAN-ის მარკის ავტობუსით იმგზავრა. სტუდენტებმა ადგილზე დაათვალიერეს ახალი, თანამედროვე 6 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული ავტობაზა და იქ არსებულ სიახლეებს გაეცნენ. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. „საზაფხულო სკოლის ფარგლებში ქართველ და გერმანელ სტუდენტებს წავუკითხე ლექცია EBRD საქართველოს ურთიერთობაზე, რომელიც კონკრეტულად ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემასა და ახალი ავტობუსების პროექტს ეხება. ასევე გვქონდა საუბარი ევროკავშირის თანადაფინანსებაზე გარემოსდაცვითი პროგრამიდან, რომლითაც ახალი მუნიციპალური ავტობუსების პროექტის თანადაფინანსება მოხდა. შემდეგ სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ჩვენს ახალ ავტობაზას, სადაც ავტობუსებია განთავსებული. როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი მათთვის ძალიან საინტერესო იყო და გვიხარია, რომ სტუდენტებს ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერი დავით ნარმანია, თავად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“ ხელმძღვანელი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0