თბილისის სკვერის გახსნა რიგაში

04/04/2017

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის ლატვიაში სამუშაო ვიზიტისას, თბილისსა და რიგას შორის პარტნიორობის დამყარების 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის მერიის, რიგის მერიისა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქალაქ რიგის ცენტრალური, თავისუფლების პროსპექტის – „ბრივიბას გატვე“ – ერთ-ერთ მონაკვეთზე საფუძველი ჩაეყარა თბილისის სკვერის მოწყობას. სკვერის გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს რიგის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ვიაჩესლავ სტეპანენკომ და თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ. სკვერის გახსნაზე ორი ქალაქის წარმომადგენლებმა მეგობრობის ნიშნად, სიმბოლურად დარგეს ცაცხვისა და ვაზის ნერგები. სკვერის გახსნას დაესწრნენ ლატვიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია, საელჩოს, ლატვიის კულტურის სფეროსა და რიგის მერიის წარმომადგენლები. რიგის მერიის განმარტებით თბილისის სკვერის საბოლოო მოწყობა-მოპირკეთება დასრულდება წლის განმავლობაში და განთავსდება სპეციალური დაფა შესაბამისი აღნიშვნით ქართულ და ლატვიურ ენებზე. ანალოგიურად, იგეგმება რიგის სკვერის გახსნა ქალაქ თბილისში. თბილისის სკვერის გახსნის ღონისძიება გადაღებულ და გაშუქებულ იქნა საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ, რომლებიც ამავე პერიოდში, ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ორგანიზაცია „Live Riga“-ს მიერ პრესს-ტურის ფარგლებში არიან მოწვეულნი ლატვიაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0