თბილისში რამდენიმე ქუჩას სახელწოდება შეეცვალა

21/09/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა 35 საკითხი განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს. მათ შორის დეპუტატების გადაწყვეტილებით, ახალი სახელი დაერქვა ისნის რაიონში, ვაზისუბნის II მ/რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას და ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის სახელი მიენიჭა, დადებითად შეფასდა ასევე საკითხი ისნის რაიონში ფოსტის ქუჩისა და მასთან არსებული ჩიხისა და შესახვევისთვის ექიმის, პროფესორ ავთანდილ კვეზერელ-კოპაძის სახელწოდების მინიჭებისა და საბურთალოს რაიონში, პეკინის ქუჩის შესახვევისთვის ექიმის იოსებ (ბიჭი) მაჭავარიანის სახელის დარქმევის თაობაზე.
დადებითი რეკომენდაცია მიეცა ვაკის რაიონში მამია გურიელის ქუჩის მონაკვეთისთვის კალათბურთელის დუდუ დადიანის სახელის, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის სასროლეთთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის კი სპორტსმენის ზურაბ მაჩხანელის სახელის მინიჭების საკითხებსაც.
კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად ის მოქალაქეებიც ესწრებოდნენ, რომელთა ინიციატივებიც დღევანდელ სხდომაზე განიხილებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0