თბილისში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების ცენტრი გაიხსნა

04/05/2017

საქართველოში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ლიცენზირებული საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრი გაიხსნა, – ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა კომპანია „ეარფლეინ ტექნიკსს” პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ცენტრი არაერთ კომპანიას მოიზიდავს, როგორც რეგიონიდან, ასევე მის ფარგლებს გარედან, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაზე.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამოქალაქო ავიაციის განვითარება და განსაკუთრებით, საავიაციო მომსახურების საკვანძო ცენტრის ფუნქციის განვითარებას საქართველოსთვის, როგორც ჰაბისთვის მომსახურებების სფეროში, მთავრობისთვის პრიორიტეტია.
„საქართველოში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების საერთაშორისო ცენტრის მიმართ უკვე არსებობს ინტერესი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიების მხრიდან; როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბოლო რამდენიმე თვეა, შპს „ეარფლეინ ტექნიკსი” სხვადასხვა ავიაკომპანიასთან, მათი ფლოტის მომსახურების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. სამოქალაქო ავიაციის დარგის სპეციფიკიდან და პროფესიონალების დეფიციტიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მისასალმებელია „ეარფლეინ ტექნიკსის” ინიციატივა სპეციალიზებული სასწავლო დაწესებულების – პროფესიული კოლეჯის შექმნის შესახებ, რომლის მიზანია საქართველოში საავიაციო ტექნიკური მომსახურების მაღალი დონის სპეციალისტების მომზადება”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პროექტი ერთდროულად იკვეთება საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ორ უმნიშვნელოვანეს მიმართულებასთან – ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასთან, სივრცით განვითარებასთან, შიდა ავიაციისა და საერთაშორისო საავიაციო მომსახურების საკვანძო ფუნქციის განვითარებასთან, ხოლო მეორე მხრივ – პროფესიული განათლების პროექტთან, რომელიც ახლად გახსნილ ცენტრს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას შესძენს.
„ცენტრი მოამზადებს ადგილობრივ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, რათა მათ საერთაშორისო სტანდარტის მომსახურება გასწიონ. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ პროექტი, ახალი სატრანსპორტო და სატრანზიტო პროექტების განვითარების ჭრილში, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის – მათ შორის ასაფრენი ბილიკის და სამიმოსვლო ბილიკების სრულ რეაბილიტაციაზე, რომელიც Aeroport de Paris-ის მიერ შემუშავებული პროექტის შესაბამისად და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის – IATA consulting აქტიური ჩართულობით, კომპანია „ტავ ჯორჯიას” მიერ განხორციელდა; გარდა ამისა, სრულდება სპეციალურად, ჩამომსვლელი მგზავრებისთვის განკუთვნილი ტერმინალის და ავიალაინერების მისაღები ორი დამატებითი ხიდის მოწყობა, რაც მგზავრებისთვის რიგში დგომის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმის მიმართულებით არსებულ მზარდ მაჩვენებლებზე და განაცხადა, რომ გასულ თვეს, 24 საათზე მეტი ხნით დამრჩენი ვიზიტორების 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„ეს არის დამატებითი შემოსავლები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ასეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ჩვენს ძალიან ბევრ თანამოქალაქეს დაასაქმებენ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილს და აღნიშნა, რომ იგი ქვეყნისთვის არაერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.
ცენტრი პირველ ეტაპზე „ბოინგ 737″-ის ტიპის ავიალაინერებს მოემსახურება, ხოლო გაფართოების შემდეგ – „ბოინგ 747″ ტიპის ორი ავიალაინერის ერთდროულად მომსახურებას შეძლებს.
ცენტრის გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ასევე საავიაციო სფეროში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0