თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენა – WinExpo-Georgia 2017 გაიმართება

თბილისში, 9-11 ივნისს, გამოფენების ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენა WinExpo-Georgia 2017 გაიმართება. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია „ექსპო-ჯორჯიას“ პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო გამრეკელმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა გამართეს.

„10 წლის ისტორიის მანძილზე, WinExpo-Georgia დამკვიდრდა, როგორც ღვინის წარმოების, დისტრიბუციისა თუ რეალიზაციის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა და მოყვარულთა შეხვედრის ადგილი. WinExpo-Georgia კავკასიის რეგიონში ერთადერთი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრი. ეს არის გამოფენა და ბიზნეს ფორუმი ყველა დაინტერესებული პირისთვის, სადაც შექმნილია კომფორტული და საქმიანი გარემო, რაც ხელს უწყობს ბიზნეს ურთიერთობების დამყარებასა და პროდუქციის რეალიზაციის ზრდას“, – აღნიშნა გამრეკელმა.

მისივე თქმით, გამოფენის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, მსხვილ ბაიერებთან, შესაბამისი დანადგარებისა და აპარტურის მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენის პარალელურად გაიმართება ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი, სადაც გამარჯვებულ საუკეთესო ღვინოებს გადაეცმათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები და საერთაშორისო დიპლომები.
როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, დამატებით, სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ღვინო დაჯილდოვდება უმაღლესი ჯილდოთი.

„წელს პირველად დამზადდება და გამარჯვებულებს გადაეცემა სახელობითი მედლები. ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები არიან ტიმ ატიკინი- თავმჯდომარე (დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ისა ბალი (თურქეთი), სარა ებოტი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ მესხი (საქართველო) და გოგი დაქიშვილი (საქართველო)“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

როგორც სამანიშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულ კომპანიებს მედლები გადაეცემათ:

საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო – ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი.
საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო – ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი .
საუკეთესო წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი.
საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი.
საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო – ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.
საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო – ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.

გამოფენა ოფიციალურად გაიხსნება 9 ივნისს, 11.00 საათზე. გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს გამოფენაში მონაწილეობს 97 კომპანია და წარმოდგენილი იქნება 170-ზე მეტი ღვინო. მონაწილე ქვეყნები არიან საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.
ამასთან, გამოფენას გახსნის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. სტუმრებს მიესალმებიან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – გიორგი ჩოგოვაძე და საგამოფენო ცენტრი ექსპო-ჯორჯიას დირექტორი რესან ქიქავა.

Visited 106 times, 1 visit(s) today