თბილისში 2017 წლის ტუბერკულოზის სამიტი იმართება

18/09/2017

თბილისში 2017 წლის ტუბერკულოზის სამიტი იმართება. ტუბერკულოზის შესახებ ევრაზიის პარლამენტართა ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე და გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრი – ბარონესა სატი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, ნინო ბერძულს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძეს ხვდებიან. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარლამენტარებთან და სხვა სტუმრებთან ერთად თბილისში ევროპისა და ცენტრალური აზიის 2017 წლის ტუბერკულოზის სამიტზე მსჯელობენ ტუბერკულოზის შესახებ. სამიტის პლენარულ სესიას ესწრებოდნენ წარმოდგენილი ქვეყნების ელჩები, მათ შორის ბრიტანეთის ელჩი საქართველოში – ჯასტინ მაკკენზი სამიტი.
ტუბერკულოზი მსოფლიოში ერთ–ერთი წამყვანი ინფექციური და სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა. 2015 წელს ტუბერკულოზისგან 1.8 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 10.4 მილიონი – დაავადდა. მიიჩნევა, რომ 4.3 მილიონი შემთხვევა ჯანდაცვის სისტემებმა ვერ გამოავლინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტუბერკულოზით დაავადებული ეს ადამიანები დიაგნოსტირებულნი და, შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებებში ნამკურნალევი არ არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ტუბერკულოზი წარსულის დაავადებად მიიჩნევა, ის კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მზარდ პრობლემად რჩება. აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ტუბერკულოზის რთული/მდგრადი ფორმების, ე.წ. რეზისტენტული (მდგრადი) ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გამოვლენილი. ამავე რეგიონში მდგრადი ტუბერკულოზის წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
სამიტის მონაწილეთა მიზანია, მიაღწიონ შეთანხმებას სტრატეგიაზე, თუ როგორ შეუძლიათ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, იმოქმედონ მულტირეზისტენტული (მდგრადი) ტუბერკულოზის ეპიდემიის წინააღმდეგ ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. ასევე, შეთანხმდნენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარლამენტართა რეგიონულ პოზიციაზე ტუბერკულოზის ეპიდემიის წინააღმდეგ, სანამ ამ დაავადებასთან დაკავშირებით დაგეგმილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაღალი დონის 2018 წლის შეხვედრა გაიმართება.
ევრაზიის პარლამენტართა ტუბერკულოზის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილისა და გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრის – ბარონესა ალისონ სატის განცხადებით, „ამ დაავადების პოლიტიკური მნიშვნელობის გაზრდა აუცილებელია იმ გლობალური ქმედებების მისაღწევად, რომელიც საჭიროა მის დასამარცხებლად. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაღალი დონის 2018 წლის შეხვედრა ტუბერკულოზთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შანსია, რათა ვიმოქმედოთ ტუბერკულოზის წინააღმდეგ. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ ამ წარმატების მიღწევაში – რეგიონსა და მთელ მსოფლიოში ეპიდემიის დამარცხების საქმეში“.
ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფი პარლამენტარების საერთაშორისო ჯგუფია, რომელშიც გაწევრიანებულ პარლამენტარებს ტუბერკულოზის ეპიდემიის დამარცხებისთვის ბრძოლის სურვილი აერთიანებთ. ამ ჯგუფს მართავენ თავად წევრები, რომელთა მიზანია იმ ინიციატივებისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობენ ტუბერკულოზის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. დღეისათვის ‘’Global TB Caucus’’ აერთიანებს 133-ზე მეტი ქვეყნის 2300 პარლამენტარს. მისი ინიციატივით, 2016 წლის ივნისში, სლოვაკიის ქალაქ ბრატისლავაში შეიქმნა ევრაზიის პარლამენტართა ჯგუფი, რომელსაც შეუერთდნენ ევროპისა და ცენტრალური აზიის პარლამენტარები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0