საქართველოს იუსტიციის მინისტრმა – თეა წულუკიანმა 54-ე საზოგადოებრივი ცენტრი თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ნაფარეულისა და სანიორის საზღვარზე გახსნა. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული.
საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ყველა ის საჯარო სერვისი, რომელიც ქალაქად იუსტიციის სახლებში გაიცემა, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით, კომპიუტერებით აღჭურვილი დარბაზითა და ელექტრონული ბიბლიოთეკით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემთ.
სანიორე/ნაფარეულის საზოგადოებრივი ცენტრი ორი სოფლისა და მათ მიმდებარედ (სოფლებში: ლაფანყური, ართანა, ჯუღაანი, ფშაველი, ლალისყური, ლეჩური) მცხოვრებ 10 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. საბანკო სერვისებით, 24-საათიანი კავშირით სამყაროსთან მობილური ოპერატორის საშუალებით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ. ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა სანიორისა და ნაფარეულის მცხოვრებთ და სტუმრებს იუსტიციის მინისტრმა მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – ირაკლი ქადაგიშვილი, თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი – გელა სამხარაული, თელავის მუნიციპალიტეტის მერი – შოთა ნარეკლიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, მედიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი მოსახლეობა და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებნი. ცენტრის მიმდებარე ტერიტორია ბუშტებით მოირთო, ჩატარდა სახალისო ვიქტორინა საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობასა და ფუნქციებზე. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საზეიმო კონცერტი გაიმართა.