თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას ფერეიდნელი ქართველი ესტუმრა

26/04/2016

თვითმმართველი თემის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მოწვევით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას ფერეიდნელი ქართველი მეცნიერი, პროფესიით ისტორიკოსი – საიდ მულიანი ესტუმრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და საუბარი შეეხო საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც დაახლოებით ოთხი საუკუნეა ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფერეიდანში გადაასახლეს. როგორც საიდ მულიანმა შეხვედრაზე აღნიშნა :

„მე ვარ მე-16 თაობა იმ ხალხისა, რომლებიც მე-17 საუკუნეში იძულებით გადაასახლეს კახეთიდან ირანში ,ჩემს ძმასთან ერთად ქართულ-ირანული დედაენა შევადგინე. ეს არის გოგებაშვილის „დედა ენის“ ირანულად ადაპტირებული ვარიანტი. წიგნი დიასპორის სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა და რადგან მანამდე ამგვარი გამოცემა არ არსებობდა, ძალიან მალე გაიყიდა. იქიდან გამომდინარე,რომ ქართული ენის შესწავლის მოთხოვნილება და სურვილი დიდი იყო, თანამოაზრეებთან ერთად გავხსენი საზაფხულო ქართული სკოლა, სადაც 300-მდე კაცმა ისწავლა ქართული. ჩვენმა წინაპრებმა სხვადასხვა მიზეზის გამო დაივიწყეს ქართული დამწერლობა, მაგრამ ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ცოდნა შეენარჩუნებინათ და შემდეგ – აღედგინათ”.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის – სოფიო ახმეტელის თქმით:
“მიუხედავად იმისა, რომ ბატონი საიდი საქართველოში არ დაბადებულა, იგი არის ჩვენს დროში მცხოვრები დიდი მამულიშვილი. კერძოდ საიდის და მისი ძმის სახელთანაა დაკავშირებული ფერეიდანში ქართული სკოლის დაარსება და ირანულ ენაზე ადაპტირებული დედაენის შექმნა, რაც საშუალებას აძლევს ფერეიდნელ ქართველებს შეისწავლონ ქართული ენა და წერა-კითხვა, სწორედ საიდის და მისნაირი პატრიოტი ადამიანების დამსახურებაა ,რომ 400 წლოვანი ქართველი თემის, ქართული ენის შენარჩუნება ხდება ირანში. თვითმმართველი თემის გამგეობა სამომავლოდ ვგეგმავთ თანამშრომლობას ფერეიდნელ ქართველებთან,დღევანდელი შეხვედრის მიზანი კი არის ის, რომ ფართო აუდიტორიას გავაცნოთ ფერეიდანში მცხოვრები ქართველების ყოფა-ცხოვრება, წესს-ჩევულებები, ტრადიციები, რაც შემორჩენილია მათთან, ეს ყველაფერი საინტერესოა იმდენად რამდენადაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა ასეა წამოწეულია წინა პლანზე”.
მოგვიანებით, საიდ მულიანმა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა, სადაც წარმოადგინა პრეზენტაცია ფერეიდნელი ქართველების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. იგი ავტორია ნაშრომისა „ქართველთა როლი ირანის ისტორიაში, კულტურასა და ცივილიზაციაში”, რომელიც ისპაჰანის უნივერსიტეტში წლის წიგნად აღიარეს. თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან და რეგულარულად გამოდის კონფერენციებზე. 2011 წელს გახდა სატელევიზიო გადაცემა „იმედის გმირის” ერთ–ერთი გამარჯვებული.
შეხვედრის დასასრულს საიდ მულიანს თვითმმართველი თემისგან “ვეფხისტყაოსანი” და “თელავის მუნიციპალიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური გზამკვლევი” გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0