თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა

05/11/2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა უმაღლესი განათლების საფეხურზე განსახორციელებელი ინიციატივები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს. შეხვედრის დაწყებამდე გიორგი ამილახვარმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ შალვა ჭკადუასთან ერთად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. შეხვედრას საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი ამილახვარმა შეხვედრის ფარგლებში რექტორებთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე იმსჯელა. მათ შორის, მონაწილეებმა განიხილეს უცხოელ სტუდენტთა ჩარიცხვასთან, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასთან და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებული საკითხები.
რექტორთა საბჭოს შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კოორდინირებული მუშაობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოთქვეს და სამომავლოდ განსახილველი საკითხები დაასახელეს. მინისტრის ინიციატივით, რექტორთა საბჭოს შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება და ის საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რათა დროულად მოხდეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0