თელავში მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლე გაიხსნება

05/09/2017

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კახეთის მხარის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან, თელავის მერ პლატონ კალმახელიძესთან და შპს „სპორტმშენსერვისის“ დირექტორთან, ლევან ტარყაშვილთან ერთად თელავში მშენებარე სპორტის სასახლე მოინახულა.
მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლე თელავში წლის ბოლოს გაიხსნება. დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, პატარა – 500. სპორტის სასახლის მიმდებარედ დასასვენებელი სკვერის მოწყობაც იგეგმება.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. თელავში, გორსა და ბათუმში 2017 წლის ბოლოს მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები გაიხსნება. სამივე პროექტის საერთო ღირებულება 33 775 000 დოლარია. პარალელურად, თბილისსა და გორში საფეხბურთო და სარაგბო 10 მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 10 700 000 ლარი. საერთო ჯამში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყველა მშენებარე ობიექტზე დასაქმებულია 1 000-მდე ადამიანი.
დღესვე, მასობრივი სპორტის განვითარების ფარგლებში, მინისტრმა თელავის სპორტსკოლის აღსაზრდელებს საფეხბურთო, სარაგბო, საკალათბურთო და ხელბურთის ფორმები და ინვენტარი გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0