თელავში, საგრანტო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

19/06/2019

თელავის სახელმწიფო უნივერისტეტში, საგრანტო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის პროექტის – “ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემა” (GENIE) ფარგლებში, ახორციელებს ორ საგრანტო პროგრამას შემდეგი მიმართულებით: 100 000-ლარიანი და 650 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტები. საგრანტო პროგრამები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, როგორც ახალგაზრდა, ფორმირების ეტაპზე მყოფ, ასევე – მზარდ ადგილობრივ ბიზნეს კომპანიებს.
მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. თანადაფინანსების მინიმალური მოცულობა სტარტაპ-გრანტების შემთხვევაში შეადგენს 10%-ს.
650 000-ლარიანი ინოვაციური გრანტი შეუძლია მიიღოს საქართველოში რეგისტრირებულმა სულ მცირე ერთი წლის ასაკის მქონე კომპანიამ. თანადაფინანსების მოცულობა აღნიშნული გრანტის შემთხვევაში უნდა შეადგენდეს 50%-ს.
საინფორმაციო შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა -ირაკლი ქადაგიშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა – ავთანდილ კასრაძემ.

„მოგეხსენებათ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლება არის ნომერ პირველ პრიორიტეტად აღიარებული, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სწორედ ამ პრიორიტეტზეა აგებული, ეს არის ორი ურთიერთდაკავშირებული დარგი. ეკონომიკის განვითარებას დღეს ჭირდება განათლება, განათლება ყველა დონეზე. მე ხაზს გავუსვამ იმას, რომ დღეს, საქართველოში სამუშაო ადგილების ნაკლებობა კი არ არის, პირიქით, უამრავი საქმეა ჩვენს ქვეყანაში გასაკეთებელი, რეალურად რის ნაკლებობაც გვაქვს დღეს, ეს არის კვალიფიციური ადამიანური რესურსი. სწორედ, ამიტომ სახელმწიფო განათლების სფეროში მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს. დღეს, ვცხოვრობთ გლობალური ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში, როცა გეოგრაფიული საზღვრები, ფაქტიურად უკვე პირობითობას წარმოადგენს. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ნიჭი, რომლითაც ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა მეცნიერებაში, ინოვაციებში უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად“- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„მინდა მადლობა გადავუხადო კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს – ირაკლი ქადაგიშვილს, იმ აქტიური როლისთვის, რომელიც მას რეგიონის განვითარებაში უკავია. მინდა მივულოცო სულ ახლახანს წინანდალში, წარმატებით ჩატარებული საინვესტიციო ფორუმი. მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება. 21-ე საუკუნეში შეუძლებელია კონკურენტული იყო ნებისმიერ ეკონომიკურ სექტორში, ნებისმიერ ინდუსტრიაში, თუ არ არის ინოვაციები და ტექნოლოგიები გამოყენებული სამუშაო პროცესში. ჩვენი მიზანია ინოვაციების განვითარება, ახალგაზრდების ჩართულობა ამ სფეროში. სწორედ ის პროგრამები, რომელსაც საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების სააგენტო გთავაზობთ ეს არის ძალიან ბევრი პროექტი ერთობლიობაში იმისთვის, რომ დავეხმაროთ თითოეულ ადამიანს, მიუხედევად იმისა თუ რა სტადიაშია ინოვაციებთან მიმართებაში“ – აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ: სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0