თენგიზ ფხალაძე და ანა დოლიძე ევროპარლამენტარ ანა გომესს შეხვდნენ

17/02/2017

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ევროპარლამენტარ ანა გომესს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა მადლობა გადაუხადეს ევროპარლამენტის წარმომადგენელს საქართველოს ევროინტეგრაციის და ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვეს რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი დროულად დასრულდება.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს: სასამართლო და საკონსტიტუციო რეფორმას, ფარული მოსმენების შესახებ კანონთა პაკეტს, მედიაგარემოს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტის როლის მნიშვნელობა დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსის თვლსაზრისით.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპულ ინსტიტუტებთან აღნიშნულ რეფორმებთან დაკავშირებით თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
„ევროპარლამენტარები მზად არიან გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება და გამოცდილების გაზიარებით კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესებში.
ისინი საქართველოს ხედავენ, როგორც ევროპულ სახლემწიფოს, რომელიც ევროპულ რეფორმებს ახორციელებს. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ინსტიტუტების მდგრადობა, მათი დემოკრატიულობა, გამჭვირვალობა და საკანონმდებლო საფუძველი. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის როლი, როგორც არბიტრის და როგორც ბალანსის დამცველის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0