თერჯოლაში მიმდინარე პროექტებზე სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

28/07/2017

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსს მინდია ღლონტსა და ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფროსს მაკა სამხარაძეს შეხვდა. გამგებელმა თერჯოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო სამინისტროს წარმომადგენლებს, რის შემდეგაც მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს.
ამჟამად საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის გზების შემდეგ მონაკვეთებზე:
1. სოფ. ზედა საზანო-26 მაისის დამაკავშირებელი გზის 2,5 კმ-იანი მონაკვეთი-ბეტონის საფარით მოწყობა;
2. ქ. თერჯოლაში რუსთაველის ქუჩის II ჩიხი-გზის რეაბილიტაცია-ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა;
3. სოფ. ჩხარი-გოგნის დამაკავშირებელი გზა-ბეტონის საფარით მოწყობა;
4. თერჯოლა-სიქთარვის დამაკავშირებელი გზა- ბეტონის საფარით მოწყობა;
5. სოფ. გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის დამაკავშირებელი გზა-ასფალტის საფარის მოწყობა;
6. სოფ. ღვანკითი-ტელეფას დამაკავშირებელი გზა- მოასფალტება.
ყველა ეს პროექტი, რომლებზეც საერთო ჯამში სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, რეგიონალური განვითარების ფონდის სახსრებითა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
თემურ ქოჩიაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბარში განაცხადა: „გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩვენ-მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის დიდი ძალისხმევით ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ობიექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ოპერატიულად დაგვედო ჩვენი პრიორიტეტების ჩამონათვალიდან.
სწორედ ასეთი მიდგომითა და ერთობლივი მოქმედებით გახდა შესაძლებელი, რომ მიმდინარე წლისათვის სარეაბილიტაციო, თუ ახლადასაშენებელ ობიექტთა ნუსხაში შევიდა 70-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა დაფინანსებისათვის 11 მილიონ ლარზე მეტია საჭირო, რაც დღემდე უპრეცედენტო მოცულობაა თერჯოლის მუნიციპალიტეტისათვის. განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ თანხიდან 9 მილიონ ლარზე მეტი უკვე მობილიზებულია. იმედი გვაქვს, რაც დავგეგმეთ ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ჩვენ-ადგილობრივ თვითმმართველობას მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საკეთილდღეოდ მხარში გვიდგას ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0