თერჯოლაში ,,ღვინის ფესტივალი-2017″ გაიმართა

06/11/2017

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა „ღვინის ფესტივალი 2017“. ფესტივალი დაიწყო სოფლებს შორის გამარჯვებული გუნდების ფინალური შეხვედრით მინი-ფეხბურთში. დაძაბულ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს ხვდებოდნენ ღვანკითისა და ძევრის გუნდები, გაიმარჯვა ღვანკითის გუნდმა ანგარიშით 3:0. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი, სიგელები და ფულადი პრიზი. ფულადი პრიზით დაჯილდოვდა აგრეთვე მე-2 ადგილზე გასული ძევრის გუნდი.
ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა და წელს მეხუთედ გაიმართა. მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციულ ერთეულს იმერული ეზო, იმერული სამზარეულო, სხვადასხვა ჯიშის ვაზისგან დაყენებული ღვინოების ჰქონდა წარმოდგენილი. სკვერში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის მხატვრული კოლექტივები: ფოლკლორული ანსამბლი „იმერეთი“, ვაჟთა ვოკალური ჯგუფი „მასპინძელო“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმერეთი“, ქალთა ანსამბლი „იამე“. ფესტივალს უძღვებოდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე.
ღვინის ფესტივალში გამარჯვებულები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ 6 ნომინაციაში გამოავლინა:
1.საუკეთესო ციცქა – მეღვინეობა „საზანო“
2.საუკეთესო შერეული ღვინო – სოფ. ღვანკითი, მამუკა აბულაძე
3.საუკეთესო წითელი ღვინო – სოფ. თუზი, მალხაზ მეფარიძე
4.საუკეთესო ჭურის ღვინო – სოფ. ახალთერჯოლა, გურული ლაშა
5.საუკეთესო განსხვავებული ჯიშები – სოფ. სიქთარვა, გოჩა მემანიშვილი
6.საუკეთესო ცოლიკაური – სოფ. ზედა სიმონეთი, არჩილ აბჟანდაძე
გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და სპეციალურად დაწესებული პრიზები.
ფესტივალზე, რომელიც ემსახურება თერჯოლელი მევენახის პროდუქტის პოპულარიზაციას, იმყოფებოდნენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0