თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას თემურ ქოჩიაშვილი შეასრულებს

28/02/2017

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას თემურ ქოჩიაშვილი შეასრულებს. ამის შესახებ prof-news.com -ს თერჯოლის გამგეობიდან აცნობეს. ქოჩიაშვილი ყოფილი გამგებლის პირველი მოადგილე იყო და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირის პოსტი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც თეიმურაზ ჯაფარიძემ გამგებლის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე უძღვებოდა. ჩუბინიძემ საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი – თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, თეიმურაზ ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი წარუდგინა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელმა, ავთანდილ ჩუბინიძემ საკრებულოს სხდომას გააცნო თეიმურაზ ჯაფარიძის 2017 წლის 23 თებერვლის N45/793 განცხადება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის გამგებელი პირადი განცხადების საფუძველზე საკრებულოს წინაშე იხსნის უფლებამოსილებას.
საკრებულომ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღო ცნობად კენჭისყრის გარეშე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს უფლებამოსილება შეუწყდა 2017 წლის 24 თებერვლიდან. რაც შეეხება გამგებლის მოვალეობის შესრულებას, დარჩენილ პერიოდში, 2014 წლის მოწვევის საკრებულოს ვადით შეასრულებს გამგებლის პირველი მოადგილე თეიმურაზ ქოჩიაშვილი საქართველოს ორგანული კანონის
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-5 და მე-10 ნაწილების თანახმად, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები გამგებლის რიგგარეშე არჩევნები არ იმართება”, – აღნიშნულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0