თიანეთის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები გაიხსნა

10/11/2017

ლელა ქიტესაშვილმა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ყოფნის ბოლო სამუშაო დღეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები გახსნა. ლელა ქიტესაშვილმა დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაქარია ქუცნაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ლევან ზაუტაშვილთან ერთად, გახსნა სოფელ ტუშურების ახლად აშენებული საბავშვო ბაღი და სოფ. ტუშურებისა და სოფ.ჯერვალიძეების დამაკავშირებელი ხიდი. დაათვალიერეს, აგრეთვე, დაბა თიანეთში, არტნის ქუჩის მესამე შესახვევში მოწყობილი სანიაღვრე არხი, რეაბილიტირებული სპორტული კლუბის შენობა და სოფელ გოჯიაანებში წყალმომარაგების სისტემა. აღსანიშნავია, რომ დღეს ჟებოტის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, პირველად აენთო ბუნებრივი აირი. რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან სოფლების: ჟებოტის, თეგერაანების, ძებნიაურებისა და ლელოვნის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს კომპანია „სოკარში“ შეიტანოს განაცხადი ბუნებრივი აირის საცხოვრებელ სახლებში შეყვანის უზრუნველსაყოფად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0