“თიანეთობა 2017” გაიმართა

13/08/2017

12 აგვისტოს სახალხო დღესასწაული „თიანეთობა 2017“ გაიმართა. წლევანდელი „თიანეთობა“ განსაკუთრებით გამორჩეული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. სახალხო დღესასწაულთან ერთად, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მრევლი თიანეთის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნას ზეიმობდა. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, ახლადაშენებული სამების საკათედრო ტაძარი აკურთხა. შესრულდა სადღესასწაულო წირვა, რომლის დასრულების შემდგომ გაიმართა ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვის ცერემონიალი. დღის განმავლობაში ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში წარმოდგენილი იყო სპორტული და კულტურული სანახაობები, თიანეთის ნატურალური პროდუქტები,ხალხური რეწვის ნიმუშები.გაიმართა წიგნების გამოფენა-გაყიდვა და თიანელი სახალხო მთქმელის ივლიტა შავერდაშვილის წიგნის „ლექსად მოსული სიცოცხლე“ პრეზენტაცია. მსურველებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ფშაური სამზარეულო, დამბალი ხაჭო და ხინკალი. მოეწყო ზღაპრული ქალაქი ბავშვებისათვის, ასევე სამკურნალო მცენარეებისა და ხილისგან მომზადებული ჩაის გამოფენა-დეგუსტაცია. გაიმართა სპორტული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. თიანეთის მუნიციპლიტეტის გამგებელმა, ლელა ქიტესაშვილმა რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტს, ღირსების ორდენის კავალერს, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატს, საოპერო მომღერალ მზია დავითაშვილს და სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორსა და წამყვანს, თიანელების მეგობარსა და გულშემატკივარს, გოჩა ტყეშელაშვილს „თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდება“ მიანიჭა და „ საპატიო მოქალაქის“ დიპლომი, მოწმობა და ჯილდო ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად გადასცა. წლევანდელი თიანეთობა, წინა წლებისგან განსხვავებით, გამოირჩეოდა იმითაც, რომ მოხდა თიანეთის საჯარო სკოლების 2016 წლის კურსდამთავრებულების დაჯილდოება. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა,ირაკლი ზვიადაურმა, მეუფე მიქაელთან და დავით ნარმანიასთან ერთად გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად. სახალხო ზეიმს ესწრებოდნენ,აგრეთვე, დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი,მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, წმინდა სინოდის წარმომადგენლები და პატრიარქის მხედრობა. საღამოს, კულტურისა და დასვენების პარკში, გაიმართა ანსამბლ „დროშიონის“ კონცერტი, რომლის დასრულების შემდგომ თიანელების წინაშე წარდგა მუსიკალური ბენდი „რეზო და ბავშვები“ ბაბისა და პიკასოსთან ერთად. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0