თიანეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი მოეწყო

15/10/2023

დაბა თიანეთში, 9 აპრილის ქუჩაზე, სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებაც ნახევარ-მილიონ ლარამდეა, ადგილზე ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა. მათ შორის დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, გადახურული ტრიბუნები, ფეხბურთის კარები და გარე განათების სისტემა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი საპარკინგე სივრცე კეთილმოეწყო. დასრულებული პროექტი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, პირველ მოადგილესთან, გიორგი ჩიფჩიურთან და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან წიკლაურთან ერთად მოინახულა.

„როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენთვის ახალგაზრდებზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტია. რეგიონში სპორტის სხვადასხვა მიმართულების განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, შესაბამისი სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება და რა თქმა უნდა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

აღსანიშნავია, რომ დაბა თიანეთში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სპორტული მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები მთის განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0