თიანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

24/06/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან თამაზ მეჭიაურთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
დასრულდა სოფელ ჟებოტის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა სოფელ სიმონიანთხევში და დაბა თიანეთში. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლას. პროექტების განხორციელების შედეგად, ჟებოტაში, სიმონიანთხევსა და დაბა თიანეთში მცხოვრებ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ სკოლამდელი და სასკოლო განათლება კეთილმოწყობილ გარემოში მიიღონ.
აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფელ ღულელების ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, ჟებოტა-ახალსოფლის მიმართულებით მუნიციპალური მნიშვნელობის გზისა და დაბა თიანეთში ადგილობრივი ქუჩების რეაბილიტაცია. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების ჯამური ღირებულება 3 მილონამდე ლარს შეადგენს. პროექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს სოფელ ალოტში, დაზიანებული მილ-ხიდების ნაცვლად, 2 ახალი წყალგამტარი მილ-ხიდის სამონტაჟო სამუშაოები.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია რეგიონში მიმდინარე პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებას მუდმივ მონიტორინგს უწევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0