თითოეულ პროექტს სახელმწიფო 5-დან 10 ათასი ლარის ფარგლებში დააფინანსებს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიმდინარე წლიდან კვლავ განხორციელდება. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა მოსახლეობამ საკუთარ სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა 1 მარტამდე უნდა დაასრულოს. თითოეულ პროექტს სახელმწიფო 5-დან 10 ათასი ლარის ფარგლებში დააფინანსებს. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივები სასურველი კონკრეტული პროექტის განხორციელებაზე ვერ შეთანხმდნენ, მათი სოფლის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში დაბრუნდება, რომელიც შემდგომში კვლავ რეგიონში არსებულ საჭიროებებს მოხმარდება.
განახლებული სახით აღდგენილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ქვეკომპონენტია და მისი ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობამ მიმდინარე წელს, ჯამში, 2 174 000 ლარი უნდა აითვისოს.
განსახორციელებელ პროექტებზე სოფლების მოსახლეობამ საერთო კრებაზე უნდა იმსჯელონ. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შესაძლებელია განხორციელდეს
სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია. ასევე, გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურული ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა. პროექტების შესარჩევად სოფლის კრებების ჩატარებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ხელს შეუწყობენ.
აღნიშნული კრებები თებერვლის ბოლომდე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება-გაცვლის მიზნით, დღეს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს შორის ვიდეო-კონფერენციაც გაიმართა.
ვიდეო-კონფერენციას შიდა ქართლის რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილიც დაესწრო. მისი თქმით, რწმუნებულის ადმინისტრაცია მაქსიმალურად იქნება ჩართული პროცესებში იმისთვის, რომ მოსახლეობამ კონკრეტულ ვადებში, თავად შეძლოს საკუთარი შეხედულების მიხედვით განკარგოს მათი სოფლისთვის გამოყოფილი დამატებითი თანხები. ხოჯევანიშვილი იმედოვნებს, რომ მოსახლეობა იმოქმედებს შეთანხმებულად და ამა თუ იმ სოფლისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი არ გახდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში დასაბრუნებელი.

Visited 104 times, 1 visit(s) today