თურქეთის პრემიერმა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენა არ გამორიცხა

16/07/2016

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენა არ გამორიცხა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. თურქეთის მთავრობის მეთაურის განმარტებით , აღნიშნული სასჯელის დასაბრუნებლად შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო რაც ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო.

თურქული მედია უკვე საუბრობს გადატრიალების მცდელობის ხელმძღვანელების ვინაობაზე. საუბარია ორ ადამიანზე. მათ შორის გენერალ აკინ ოზთურქზე. იგი თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილი მეთაურია, რომელმაც სამხედრო სამსახური 2015 წლის აგვისტოში დატოვა, თუმცა, ამ დრომდე აგრძელებდა ქვეყნის უმაღლეს სამხედრო საბჭოს წევრობას. მეორე ადამიანი კი გენერალ-ლეიტენანტი მეტინ იიდილია.
თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.

მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილურდებოდა.

სამხედრო გადატრიალების მცდელობას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0