თუ არ შეიცვლება საარჩევნო გარემო, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებს არჩევნების ბოიკოტისკენ მოვუწოდებთ

07/04/2017

თუ არ იქნებიან ადამიანები, აზრი არ ექნება არც ჩვენს დეპუტატობას, არც კანონებზე მსჯელობას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და სამთავრობო სტრუქტურებს ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყნის დეპუტატები, გაჭირვებული ქვეყნის პარლამენტი, თუმცა არ ეტყობა არც ჩვენს პარლამენტს, რომ ვართ ღარიბი ქვეყნის პარლამენტი, არ ეტყობა არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არც პრემიერის აპარატს. მე ყველას მოვუწოდებ შემცირდეს ხარჯი იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი თაობის მისია და მთავარი გამოწვევა სწორედ ისაა, რომ დავძლიოთ სიღარიბე. პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა პრეზიდენტის დღევანდელი მოხსენების ირგვლივ გამართული დებატებიც შეაფასა. „ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მძიმე არის ის, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ერთმანეთს არ ვუსმენთ. აი, მაგალითად ბატონი მამუკა მდინარაძე ახლა მე არ მისმენს, მე ყურადღებით ვუსმენდი მას. წინა ხელისუფლება არავის უსმენდა, ქვეყანა ერთ დიდ ციხედ აქცია, ტერიტორიები დაკარგა და ჩვენი ხალხი დაღუპვის პირას მიიყვანა. ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით, მაგრამ დღეს მაქვს განცდა, რომ ახალი ხელისუფლებაც არ ცვლის ბევრ რამეს და იგივე გზით მიდის. არ ვგრძნობ, რომ ჩემი, როგორც დეპუტატის აზრი ვინმეს აინტერესებს. ვისმენ მოსაზრებებს, რომლებიც ძალიან შორს დგას დემოკრატიის არსისა და ჩარჩოებისგან“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან დიდი დისკუსია გამოიწვია თემამ, პრეზიდენტი უნდა მსჯელობდეს თუ არა საჯაროდ საკონსტიტუციო საკითხებზე. ინაშვილის თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება შეხვდეს ხალხს, საჯაროდ ისაუბროს კონსტიტუციაზე და მით უმეტეს, პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციის დაცვის მთავარი გარანტია.

„მინდა მოგიწოდოთ, ნუ ჩავვარდებით ხიბლში, ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია. ეს ქვეყანა ქართველი ხალხისაა და თუ ერთმანეთს არ მოვუსმენთ, თუ პრეზიდენტს წავართმევთ საჯარო დისკუსიის უფლებას, თუ არავის არზს არ გავითვალისწინებთ, მაშინ ჩვენ გადავიქცევით კოლექტიურ სააკაშვილებად“, – დასძინა ინაშვილმა.

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ არ იზიარებს პოზიციას პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების შესახებ და მიიჩნევს, რომ ეს არის უკანგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის გზაზე. ინაშვილის თქმით, საპრეზიდენტო-საპარლამენტო მოდელი მონაპოვარია, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. დეპუტატმა ისაუბრა საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზეც.

„ვატყობ, ხელისუფლება არ აპირებს ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის გატარებას და გვტოვებს იმ ვაკუუმში, სადაც გამარჯვებული იქნება ერთი პარტია – „ქართული ოცნება“ და ის აპირებს ხელისუფლებაში მარადიულად დარჩენას. ჩვენ ისეთი დემოკრატია უნდა ავაშენოთ, სადაც ხელისუფლებებს შევცვლით არჩევნების გზით და არა ისეთი, როცა მოვა ერთი პარტია და მოინდომებს სამარადჟამოდ იყოს ხელისუფლებაში. ჩვენ დაველოდებით ხელისუფლების რეაქციას და თუ ადგილობრივ არჩევნებში წინ არ მოხდება საარჩევნო გარემოს ცვლილება, მაშინ კვალიფიციურ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებს მოვუწოდებთ, განვიხილოთ ამ არჩევნების ბოიკოტის საკითხი. მინდა, პატივცემულმა ელჩებმა ყურადღება მიაქციონ იმ სახიფათო განწყობას, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სუფევს – ხალხი კარგავს რწმენას არჩევებისადმი და ფიქრობს, რომ არჩევნების გზით შეუძლებელია ხელისუფლების შეცვლა“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისივი თქმით, ხალხს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება არ უნდა წავართვათ; მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს პრეზიდენტის და მთავრობის უფლებამოსილებები; პრეზიდენტი ერთი ვადით უნდა ირჩეოდეს 6 ან 7 წლით; პრეზიდენტი უნდა წარმოადგენდეს საქართველოს საერთაშორისო ასპერეზზე, როცა განიხლება სამხედრო საკითხები; პრეზიდენტი უნდა ხელმძღვანელობდეს უშიშროების საბჭოს; პრეზიდენტი უნდა უზრუნველყოფდეს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას და არჩევნები უნდა ჩატარდეს ივნისის 1-ელ ან მეორე კვირას და არა ოქტომბერში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0