გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილის განცხადებით, “რესპუბლიკელების” კოალიციიდან გასვლის ან დარჩენის შესახებ განცხადებას პარტიაში გააკეთებენ.
“პარტია გააკეთებს განცხადებას იმის თაობაზე, თუ რას აპირებს. ნებისმიერი პარტია ორიენტირებულია მომავალზე, სტრატეგიულ გეგმებზე, შესაბამისად, ჩვენმა პარტიამაც იმსჯელა და გავაკეთებთ განცხადებას. ჩვენ, ყოველშემთხვევაში, ჩვენი ნათქვამი სიტყვები არ დაგვიწყებია იმის თაობაზე, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ კოალიციაში იმ მიზნების განსახორციელებლად, რა მიზნებიც გვქონდა დასახული, რა პირობაც მივეცით ქართველ ხალხს,” – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ “რესპუბლიკური პარტია” გავა კოალიციიდან, დარჩება თუ არა ის გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე, აგულაშვილის თქმით, “ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი იქნება”.
“მე ნამდვილად არ ვიცი, როდის გაკეთდება განცხადება. პროგნოზირებას ვერ შევუდგები. ყოველშემთხვევაში, სანამ მე ვარ აქ და სანამ პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს სხვანაირად, მაგალითად მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებას, მე შევასრულებ ჩემს ვალდებულებებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ჩარჩოებში, როგორც დღემდე, არანაირ სხვაობას ამაში ვერ ვხედავ და ვერც იმაში ვერ ვხედავ ტრაგედიას, თუ პრემიერი სხვანაირად გადაწყვეტს.
თუ დავტოვებთ, თუ არ დავტოვებთ, ამის თაობაზე იქნება განცხადება, ამ განცხადებაში იქნება ნათქვამი ყველა მიზეზი. ამის შემდეგ უკვე მეც მექნება საშუალება კომენტარი გავაკეთო. ხედავთ, რომ ვმუშაობ, ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა, თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა ვიმუშაო, დავემორჩილები მის გადაწყვეტილებას,” – განაცხადა აგულაშვილმა.