თუ რუსეთი უვიზო რეჟიმის გადაწყვეტილებას მიიღებს, მივესალმებით

26/12/2016

თუ რუსეთი უვიზო რეჟიმის გადაწყვეტილებას მიიღებს, მივესალმებით, – ამის შესახებ პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

”რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ვიზების მოხსნასთან დაკავშირებით, ჩვენ ცალმხრივად ვიზები გაუქმებული გვაქვს. არანაირი სავიზო შეზღუდვა ჩვენი მხრიდან არ არსებობს. რუსეთს შეუძლია თავისუფლად და ცალმხრივად ეს გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მივესალმებით, თუმცა ეს არ საჭიროებს არანაირ ძალისხმევას საქართველოს მხრიდან, არანაირ კონკრეტულ ქმედებას ან რეაგირებას”, – განაცხადა ჯანელიძემ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და რუსეთის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხს შეეხო.

„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს რუსთსა და საქართველოს შორის, ის კონფლიქტის მერე დაწესდა. მინდა აღვნიშნო, ჩვენ არ ვართ დამნაშავე, ჩვენ არ დაგვიწყია საბრძოლო მოქმედებები „სამხრეთ ოსეთში“, მაგრამ საბოლოო ჯამში, უნდა ვიფიქროთ ურთიერთობების ნორმალიზაციაზე. არ გამოვრიცხავ დაბრუნებას უვიზო რეჟიმისკენ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვფიქრობ, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს საქართველოს მმართველი სტრუქტურებიდან“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე განმარტა, რომ აღნიშნული უნდა მოხდეს ტერორიზმის წინაამდეგ ბრძოლის ერთობლივ საფუძველზე, რათა უვიზო რეჟიმის შემოღებით უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს ნორმალური თანამშრომლობა სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ხაზით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, რათა უვიზო რეჟიმმა არ მიაყენოს ზიანი ჩვენს უსაფრთხოებას. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია“, – განაცხადა პუტინმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0