იაპონიის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს

03/08/2017

საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-იაპონიის ურთიერთობების დღის წესრიგი. დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში. ხაზი გაესვა საქართველოსა და იაპონიას შორის მყარ და ნაყოფიერ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც საერთო ფუნდამენტურ ფასეულობებზე დაყრდნობით ვითარდება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იაპონიასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მაღალ მნიშვნელობაზე. მხარეები მიესალმნენ საქართველოს და იაპონიას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას, რაც დამატებით სტიმულს მისცემს იაპონურ კომპანიებს აქტიურად დაინტერესდნენ საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და საინვესტიციო პროექტებით.
საუბარი ასევე შეეხო, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის და ხალხთა შორისი კავშირების განმტკიცების საკითხებს.
თავის მხრივ იაპონიის ელჩმა გამოთქვა სრული მზადყოფნა აქტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს და იაპონიის ურთიერთობების ზრდის პროცესში და ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას.
მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ 3 აგვისტოს საქართველოს და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი შესრულდა. აღნიშნული თარიღის ფარგლებში ქვეყნებს შორის მისალოცი წერილები გაიცვალა. საიუბილეო წლის განმავლობაში ქ. თბილისსა და ქ. ტოკიოში იგეგმება არაერთი კულტურული ღონისძიების გამართვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0