“ნაციონალურ მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ბიძინა ივანიშვილის პოზიცია გაახმოვანა. როგორც დღის მთავარი თემის კომენტირებისას “ნიუპოსტს” ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განუცხადა, კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის დაპირისპირება საარჩევნო სიების ფორმირების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამძაფრდება.
“დღევანდელმა განცხადებამ აჩვენა, რომ კოალიციაში დაპირისპირება იმაზე რთულ ფაზაშია ვიდრე ეს საზოგადოებას ჰგონია. ფაქტია, რომ ივანიშვილს “რესპუბლიკურ პარტიასთან” დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. დღეს უბრალოდ კვირიკაშვილის საშუალებით გაავრცელა მესიჯები – თითი დაუქნია “მრეწველებს” და “რესპუბლიკელებს”- აღნიშნა წერეთელმა.
მისი თქმით, “როცა გაერთიანებაში პოლიტიკური ხედვების თანხვედრა არ არის და იქ ადამიანები მილიარდერის ფულის გამო არიან – ეს კოალიცია ადრე თუ გვიან დაიშლება”.
“ივანიშვილის ფული და “ნაციონალური მოძრაობისადმი” სიძულვილი – ეს არის მთავარი იდეა. როგორც არ უნდა შეეცადოს ვინმე, რომ როგორმე შეკრას ერთობა ეს პერსპექტივაშიც კი შეუძლებელია, რადგან კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება დაიწყება მაშინ როცა სიის ფორმირება დაიწყება”- დასძინა “ნიუპოსტთან” საუბრისას წერეთელმა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” ქვეყნის მოსახლეობის მთავარი გამოწვევის მოგვარების ნაცვლად შიდა ინტრიგებითაა დაკავებული.