ილია ბეგიაშვილი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

27/12/2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულთან არჩილ ჯაფარიძესთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ მუნიციპალიტეტების მერებს 2019 წელს დაგეგმილი სიახლეები გააცნო. მან აღნიშნა, რომ მომდევნო წლიდან პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ოპერატიულად წარმართვის მიზნით, მთავრობამ შეიმუშავა ახალი ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო სახსრების გაცილებით ეფექტურ განკარგვას და ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად შესრულებას.
ცვლილებები შეეხება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობას, ასევე რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის განკარგვისა და თანხების განაწილების მეთოდებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობების მოტივაციის ამაღლებისკენ იქნება მიმართული.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რეგიონებში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია არსებული ამბულატორიების რეაბილიტაცია და მუნიციპალიტეტების მერებს თხოვნით მიმართა აღნიშნული საკითხი გაითვალისწინონ მომდევნო წლის პროექტებში.
ილია ბეგიაშვილმა მერებისგან მოისმინა ინფორმაცია 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების საკასო შესრულებებისა და 2019 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0