იმერეთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 7000 ჰექტარზე მეტი ფართობია დამუშავებული

19/09/2017

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 7000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, იმერეთის რეგიონში მავნებლის გავრცელება სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტებში აღინიშნა, რის მიხედვითაც დაიგეგმა და ჩატარდა ქიმიური წამლობა. მავნებლის გავრცელების კერები-საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები, სამანქანე დანადგარების გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით შეიწამლა.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ღონისძიებების ფარგლებში დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 100 ათასი ჰექტარი ფართობია უკვე დამუშავებული. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში 13 სექტემბრიდან ჩართულია ავიაცია. ამ დროისთვის, ავიაციის მეშვეობით, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში 1500 ჰექტარი დიდი მასივებია დამუშავებული. ამასთან რეგიონებში მობილიზებულია და მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა. მავნებელთან ბრძოლის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო დროებითი შტაბი.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული სტრატეგიის შესაბამისად ხორციელდება. სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებს. მას შემდეგ, რაც მავნებლის გავრცელება ისეთ დიდ მასივებში აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, ღონისძიებებში ავიაციაც ჩაერთო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0