იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება სასამართლო ხელისუფლებაში, ვერავინ უნდა შეძლოს ძალაუფლების ბერკეტების მონოპოლიზება

08/02/2017

იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება სასამართლო ხელისუფლებაში, ვერავინ უნდა შეძლოს ძალაუფლების ბერკეტების მონოპოლიზება – ჩვენ ცვლილებებს სწორედ ამ ფილოსოფიის გათვალისწინებით გთავაზობთ, – აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ საკანონმდებლო ნორმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოქმედ და ყოფილ წევრებზე მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებისას სამწლიანი გამოსაცდელი ვადა აღარ გავრცელდება.

”მნიშვნელოვანია და ჩვენს მიერ წარმოდგენილი შენიშვნები დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება სასამართლო ხელისუფლებაში, ვინ არის სასამართლოს თავმჯდომარე, ჩვენ ისეთი ინსტიტუტები უნდა შევქმნათ, რომ ვერავინ შეძლოს ძალაუფლების ბერკეტების მონოპოლიზება. სისტემა ამაზეა შექმნილი და ცვლილებებს სწორედ ამ ფილოსოფიის გათვალისწინებით გთავაზობთ”, – განაცხადა დოლიძემ.

”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 28 დეკემბერს, პროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებისას დაემატა ნორმა, რომლის მიხედვით, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისაგან თავისუფლდებიან უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები, თუ მათ აქვთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არა ნაკლებ 3 წლის გამოცდილება. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები თავისუფლდებიან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან.

პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, სამწლიანი გამოსაცდელი ვადისგან გათავისუფლების წესი მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ვრცელდებოდა. აღნიშნული პრივილეგიის უზენაესი სასამართლოს ყოფილ და მოქმედ მოსამართლეებზე გავრცელება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უმრავლესობის წევრების ინიციატივითა და მათი წინადადებით მოხდა. ერთადერთი, ვინც ეს ინიციატივა მაშინ გააკრიტიკა, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი იყო.
გამოითქვა ეჭვები, რომ ნორმა კანონპროექტს მოსამართლეების: მიხეილ ჩინჩალაძის და ლევან მურუსიძის გამო დაემატა, რომლებიც აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, პირდაპირ უვადოდ გამწესდებიან. პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებებსა და თანმდევ კანონპროექტებზე მსჯელობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0