ინტერნეტი არის ჩვენი ახალი თაობის, ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდების მომავალი

14/05/2021

ჩვენი მიზანია შევქმნათ ციფრული განვითარებისა და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის ერთნაირი შესაძლებლობები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველას, მათ შორის სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა ისეთი მაღალი ხარისხის ინტერნეტზე, როგორც გვაქვს დიდ ქალაქებში – ამის შესახებ ნათია თურნავამ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ინტერნეტი არის ჩვენი ახალი თაობის, ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდების მომავალი, ეს არის დასაქმების შესაძლებლობა სწორედ სოფლიდან, სახლიდან გაუსვლელად, ეს არის უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობა ყველგან, ყველა სოფელში და ქალაქში, ეს არის ასევე ადგილობრივი ტურიზმის განვითარების, სხვადასხვა ინტერნეტსერვისზე, ასევე სახელმწიფო პროგრამებზე უფრო მეტი წვდომის შესაძლებლობა საქართველოს ყველა რეგიონში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ, მსოფლიო ბანკის ჩართულობითა და მხარდაჭერით, პროექტ “Log in Georgia-ს”ფარგლებში წამოიწყო 2021 – 2025 წლების პერიოდში განსახორციელებელი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებში აშენდება 5 000 კმ. ოპტიკური ქსელი და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას მიიღებს საქართველოში მცხოვრები 500 000-ზე მეტი ადამიანი. აღნიშნული პროექტი მოიცავს 1000-მდე დასახლებულ პუნქტს მთელ საქართველოში, მათ შორის იმ სოფლებს, რომლებიც დაცილებულია ურბანული ცენტრებიდან. მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აშენდა 140 კმ. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რაც 49 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 28 000-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს ელექტრონულიჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა თანამედროვე სერვისებით. პროექტის განხორციელებით შეიქმნა შესაძლებლობა, თითოეულმა ოჯახმა მიიღოს 100 მბ/წმ, ხოლო დაწესებულებებმა – 1გბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი კომპანიის, „ოუფენ ნეტის“ მიერ აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურით და შემუშავებული მოდელით კერძო ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები – აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, „ღია დაშვების“ მომსახურების მიწოდებას. გურიის რეგიონში განხორციელებული საპილოტე პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკის, ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში ნათია თურნავამ პრეზენტაცია საყოველთაო ინტერნეტიზაციის დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე გამართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0