იოჰანეს ჰანმა კოოპერატივი და აგროსერვის ცენტრი დაათვალიერა

14/07/2016

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ დანელიასთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, დავით ბაქრაძესთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან და საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან, ნილს სკოტთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლურჯა 2015“ და აჭარის აგროსერვის ცენტრი დაათვალიერა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, პროგრესში, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში სახეზეა, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის როლი.
„აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რათა დასახული მიზანი მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას მიღწეული. აგარარული სექტორის განვითარების ხელშეწყობაში ევროკავშირის დახმარების, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD) ხორციელდება შედეგები ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
„ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას აქტიურად ეხმარება სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD). ეს დახმარება მთლიანობაში 250 მილიონს მოიცავს და 2013-2020 წლებზეა გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში 10 000-მა ფერმერმა უკვე მიიღო დახმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, კოოპერატივის „ლურჯა-2015“ 2 წევრს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და მათ სპეციალური კომპიუტერები გადაეცათ. კომპიუტერებში ჩაწერილია სპეციალური ქართულენოვანი პროგრამა, რომელიც მათ საქმიანობაში დაეხმარებათ, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საზოგადოების განვითარებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0