ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა

05/08/2017

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის დელეგაციას კონგრესმენ ჯო უილსონის ხელმძღვანელობით სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და მთავრობის სამომავლო გეგმებზე.
საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალური მასშტაბით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.
განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ საქართველო არა მარტო უსაფრთხოების მიმღები ქვეყანაა, არამედ საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.
შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული პატივი მიაგეს გუშინ, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ერთობლივი პატრულირების დროს განხორციელებული თავდასხმის შედეგად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე დაღუპული ქართველი სამხედროს, მდინარი ბებიაშვილის ხსოვნას.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, რომელიც საქართველომ წლების განმავლობაში გაიღო, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვს.
ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის დელეგაციას ხელმძღვანელმა, ჯო უილსონმა აღნიშნა, რომ მისი შვილი ქართველებთან ერთად იბრძოდა ავღანეთში და მისმა ოჯახმა პირადად იცის, რას ნიშნავს ქართველებთან ერთად ბრძოლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0