ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური კანონის პროექტი მეცნიერებს გააცნო

08/06/2017

„შემუშავებული ახალი დოკუმენტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიც არის დემოკრატიის პრინციპი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი. ეს პრინციპები სათანადოდაა ასახული კონსტიტუციაში და ყალიბდება საპარლამენტო მმართველობის სისტემა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, აკადემიის წევრებთან და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია შეხვედრა და ქვეყნის ძირითად კანონზე საუბარი იმ ადამიანებთან, ვისაც ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვთ. აქვე, მან აღნიშნა, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლები – ჯონი ხეცურიანი და მინდია უგრეხელიძე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.
ირაკლი კობახიძემ აკადემიის წევრებს კონსტიტუციური კანონის პროექტი გააცნო და კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძირითად ასპექტებზე ესაუბრა.
„ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ თითქოს ჩვენ გადავდივართ ნახევრად საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო სისტემაზე, თუმცა, ეს რეალურად ასე არ არის. საქართველოში დღესაც არის ჩამოყალიბებული საპარლამენტო მმართველობის სისტემა, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობა და ჩვენ ვინარჩუნებთ ამ სისტემას. ეს არის საპარლამენტო მმართველობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მმართველობა ეფუძნება ოთხ ძირითად პრინციპს: ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი.
პარლამენტზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი სხვადასხვა მექანიზმით ძლიერდება. მისივე თქმით, ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონკრეტული ნორმებითაა უზრუნველყოფილი ქმედითი მთავრობა. ახალი ნორმებით სასამართლოს დამოუკიდებლობა განმტკიცდება. პრეზიდენტის ინსტიტუტზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ამ სისტემაში პრეზიდენტი იყოს დისტანცირებული უშუალოდ პოლიტიკური პროცესებისგან და იყოს ნეიტრალური არბიტრი როგორც ეს კლასიკურ საპარლამენტო სისტემებში ხდება.
„ამასთან დაკავშირებით ძალიან ფართო დისკუსიები იმართება. ეს საკითხი ისეა წარმოჩენილი, თითქოს ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება ერთმევა. თუმცა, მთავარი ამოსავალი წერტილი არის სისტემა. ერთ სისტემაში, ბუნებრივია, უმჯობესია, პრეზიდენტი იყოს არჩეული პირდაპირი წესით, მეორე სისტემაში უმჯობესია, პრეზიდენტი არჩეული იყოს არაპირდაპირი წესით. ჩვენი აზრით, იმ სისტემაში, რომელიც ყალიბდება კონსტიტუციის ახალი რედაქციით, უმჯობესია, პრეზიდენტი არჩეული იყოს არაპირდაპირი წესით იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს მეთაურის ნეიტრალური ფუნქცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, კონსტიტუციის სტრუქტურა მთლიანად არის შეცვლილი და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით გამართული. ახალი რედაქციით არის წარმოდგენილი მრავალი ცვლილება, რომელიც კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპებისა და ადამიანის უფლებების უფრო მაღალი სტანდარტით დაცვას უზრუნველყოფს.
„მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომელიც ემატება კონსტიტუციას, ეხება იმ ინსტიტუციას, სადაც ვიმყოფებით – ეს არის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ამასთან დაკავშირებით კომისიის შესაბამის წევრთაგან იყო ინიციატივა, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ იქნა გაზიარებული. შესაბამისად, კონსტიტუციის პირველ თავში ჩნდება ჩანაწერი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ და საკითხები, რომელიც უნდა მოწესრიგდეს აკადემიის თაობაზე, განისაზღვრება, როგორც ცენტრალური ხელისუფლების განსაკუთრებული უფლებამოსილება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დისკუსიისთვის და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად არის.
ირაკლი კობახიძემ მეცნიერებათა აკადემიის წევრების კითხვებს უპასუხა. მიწის საკითხზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვებისას აღმოჩნდა, რომ ამ საკითხთან საზოგადოებას განსაკუთრებით ემოციური დამოკიდებულება აქვს. მისივე თქმით, მიწის საკითხთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა გაიმართა და უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ყველა ფაქტორი გაანალიზდა.
„მიწის საკითხი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც აისახება კონსტიტუციაში. ჩვენ გვქონდა საყოველთაო-სახალხო განხილვა და აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი არის ზუსტად ისაა,რომელთან დაკავშირებითაც განსაკუთრებით ემოციური დამოკიდებულება აქვთ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს. ამაში დავრწმუნდით თერთმეტივე შეხვედრის მიმდინარეობისას, რომელიც გაიმართა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და თბილისში. ჩვენი ვალია, რომ ამ დამოკიდებულების შესაბამისად ვიმოქმედოთ. გვქონდა სერიოზული მსჯელობა მიწის საკითხთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაშიც პრემიერ მინისტრის მონაწილეობით, მთავრობის გუნდის მონაწილეობით გაიმართა არაერთი შეხვედრა იმისთვის, რომ საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებულიყო. ჩვენ გავიაზრეთ აბსოლუტურად ყველა ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან -ეს არის განსაკუთრებით აქტუალური თემა. ავწონ-დავწონეთ ეკონომიკური ფაქტორები. როცა გავაანალიზეთ ის, თუ რა წვლილი შეაქვს მიწის გასხვისებას უცხოელ ინვესტორებზე, უცხოელებზე, ეკონომიკურ ზრდაში და ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, ვნახეთ, რომ ეს წვლილი არის მიზერული. მიწების გასხვისებას უცხოელებზე არ შეაქვს დიდი წვლილი ეკონომიკურ განვითარებაში და ინვესტიციების მოზიდვაში, რაც არის ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავაანალიზეთ“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გაანალიზდა მიწის გასხვისებასთან დაკავშირებული პრაქტიკაც და არსებული ინფორმაციით, დღეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 5.5 %-ია გასხვისებული, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ზემოთ აღნიშნულის გაანალიზების, ასევე, სტრატეგიული და ეროვნული ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე იქნა მიღებული.
„ამ ყველაფრის გაანალიზების საფუძველზე და რაც მთავარია, ჩვენი ეროვნული და სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად მკაცრი ჩანაწერით მოვაწესრიგოთ ეს საკითხი და განისაზღვროს ის, რომ მიწა უნდა იყოს არსებითად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში, თვითმმართველობის საკუთრებაში, საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ ჩვენ პრემიერთან, სამთავრობო გუნდთან კონსულტაციების საფუძველზე და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენთვის. საზოგადოებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მიწასთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ აქაც გვესმის საკმაოდ სერიოზული კრიტიკა სხვადასხვა მხრიდან. ერთია კრიტიკა და მეორე – ჩვენი სტრატეგიული ინტერესები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სათანადოდ დაცული“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0