ირაკლი კობახიძემ მედიასთან რამდენიმე აქტუალურ საკითხზე ისაუბრა

30/03/2017

დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან რამდენიმე აქტუალურ საკითხზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ დღეს, ბიზნესასოციაციებთან გამართული შეხვედრა შეაფასა.

„გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბიზნესასოციაციებთან, იქ განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ პოლიტიკასთან, სოციალურ პოლიტიკასთან. მოვისმინეთ არგუმენტი კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით. ეს მსჯელობა შეეხო გადასახადების საკითხს, ასევე, მიწასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. საინტერესო არგუმენტები იყო. ჩვენ გვექნება მსჯელობა, დისკუსია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში და დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ ისეთ გადაწყვეტამდე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში სწორი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებას და ასევე, ბიზნესის და ეკონომიკური ინტერესების დაცვას. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სისტემა ჩამოყალიბდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავი შეიკავა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე საუბრისგან. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ კვლევას ჩაატარებს, რომელიც პროგნოზის განსაზღვრის საშუალებას მიცემს.

„იცით ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად იმ კვლევების მიმართ, რომელიც კეთდება სხვა სუბიექტების მხრიდან.ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით არჩევნების წინ. არჩევნების წინ ვამბობდით, რომ ეს კვლევები არ იძლეოდა არჩევნების შედეგების გამოცნობის შესაძლებლობას განსხვავებით ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებისგან. ჩვენ ვენდობით ჩვენს კვლევებს და უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, ჩავატარებთ ჩვენს კვლევას და ეს კვლევა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წინასწარ განვსაზღვროთ პროგნოზი, რომელიც დაკავშირებული იქნება, მათ შორის, მუნიციპალურ არჩევნებთან. დარწმუნებული ვართ, რომ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ არის მაღალი და შესაბამისად, შედეგი მომდევნო მუნიციპალურ არჩევნებში იქნება ძალიან მაღალი“,- განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების განცხადების შესახებაც. პარტიები კონსტიტუციური ცვლილებების საბოლოო, სამუშაო ვარიანტის 15 აპრილამდე გამოქვეყნებას ითხოვენ.

„რამდენიმე დღეში კომისიის თითოეულ წევრს გაეგზავნება ის დოკუმენტი, რომელიც მომზადდება დისკუსიების პირველი და მეორე რაუნდის საფუძველზე, რომელიც გაიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. შესაბამისად, ეს დოკუმენტი ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და უფრო მეტიც, თვის ბოლომდე უკვე დამტკიცდება ეს დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად წარედგინება კომისიის მერ საქართველოს პარლამენტს. აქედან გამომდინარე, პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე და უახლოეს დღეებში ყველას გვეცოდინება წინასწარი დოკუმენტის შინაარსი და თვის ბოლოს, აპრილის ბოლოს ყველას გვეცოდინება იმ დოკუმენტის შინაარსი, რომელიც პარლამენტში შევა ინიციატივის სახით“,- აღნიშნა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ტენდენცია გამოკვეთილია.

„ აქ საუბარია პროპორციულ სისტემაზე სამი მნიშვნელოვანი ასპექტით: ერთი არის ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, მეორე – ეს არის ბლოკური სისტემის გაუქმება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მესამე – ძალიან მცირე ბონუსი, რომელიც თუ გავითვალისწინებთ ჩვენ ბოლო ოთხი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, გულისხმობს 3.1 %-ს. კიდევ ერთხელ, არსებითად, ეს სისტემა არის პროპორციული და ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ ძალიან სამართლიანად და ძალიან სწორად გადანაწილდება მანდატები კონსტიტუციის საფუძველზე საქართველოს პარლამენტში“,-განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ კომისიის მიერ წარდგენილ და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ პროექტებს შორის თვისობრივი ცვლილება არ იქნება.
რაც შეეხება თვითმმართველი ქალაქების გამოყოფას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის, თავიდანვე, განხორციელებული რეფორმის წინააღმდეგი იყო.

„ კარგად ვარ ჩახედული ამ საკითხში, მათ შორის, ვმონაწილეობდი იმ დისკუსიებშიც, რომელიც უკავშირდებოდა ამ შვიდი ერთეულის გაყოფას და მაშინვე ვიყავი წინააღმდეგი იმ რეფორმის, რომელიც განხორციელდა და ეს მქონდა დასაბუთებული თავისი ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური გათვლებით. იყო რეალურად არასწორი, რაც გაკეთდა რამდენიმე წლის წინ, ამას ჰქონდა თავისი კონტექსტი და აქ დეტალებში აღარ შევალ, თუმცა, რაც შეეხება გაერთიანებას, ესეც თავის სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“,- აღნიშნა კობახიძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაამტკიცებს არცერთ ნორმას, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან ნეგატიურად იქნება შეფასებული. ირაკლი კობახიძემ აქვე განაცხადა, რომ უკვე მომზადებული დოკუმენტი კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს შესაბამება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიას დოკუმენტი აპრილის ბოლოს გადაეგზავნება.

„ თუ რაიმე ტიპის ხარვეზს აღმოაჩენს სადმე ვენეციის კომისია, იმ ხარვეზებსაც აუცილებლად აღმოვფხვრით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ის დოკუმენტი, რომელიც არის შემუშავებული, უკვე შეესაბამება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ვენეციის კომისიის ექსპერტები მოვიწვიეთ იმისთვის, რომ დაესვათ კითხვები თითოეულ მუხლთან დაკავშირებით. გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია თითოეულ მუხლთან დაკავშირებით, თითოეულ თავთან დაკავშირებით და ჩვენ ველოდებით საბოლოოდ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ჩვენ გავუგზავნით ვენეციის კომისიას დოკუმენტს აპრილის ბოლოს და ამის შემდეგ, დაახლოებით ერთი თვის თავზე, მივიღებთ მათ რეკომენდაციებს, რომლებიც იქნება სრულად გათვალისწინებული და გაზიარებული პარლამენტის მიერ“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის ფორმატს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ იქნება მიღებული.

„არსებობს ორი ალტერნატიული ფორმატი, რომელიც არის გათვალისწინებული პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით რეგლამენტით – ერთი არის ფრაქციების თავმჯდომარეების გამოსვლები და მეორე არის ე.წ. დებატები. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერჯერობით მე განცხადებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. დაგვჭირდება მსჯელობა და მსჯელობის საფუძველზე გადავწყვეტთ პირველ ფორმატს თუ დებატების ფორმატს მივანიჭებთ უპირატესობას“,- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა პაკეტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო პაკეტი ორ ლეგიტიმურ ინტერესს შორის ბალანსის დაცვას ემსახურება.

„ჩვენ ზუსტად იმიტომ მივიღეთ ეს პაკეტი ფარულის საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, რომ გვწამდა ამ პაკეტის სისწორის და ეს რეალურად ასეც არის. ერთი, რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სრულად პასუხობს ამ გადაწყვეტილების შინაარსს ჩვენს მიერ დამტკიცებული პაკეტი. და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაცვა ორ ლეგიტიმურ ინტერესს შორის – ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესი და ადამიანის უფლებები, მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. სწორი ბალანსის დაცვა იყო საჭირო და ჩვენ ვფიქრობთ,რომ ის პაკეტი, რომელიც დამტკიცდა, სწორედ ამ ბალანსის დაცვას ემსახურება“,- განაცხადა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0