ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაჯამა

25/04/2017

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის გაცნობის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, კომენტარი გააკეთა.
„სამოქალაქო პლატფორმის წევრებთანთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო. ჩვენ სრული მიმოხილვა გავაკეთეთ იმ ცვლილებების, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება. ასევე განვიხილეთ თვითოეული თავი და არაერთ რეგულაციასთან დაკავშირებით საინტერესო დისკუსია გავმართეთ. მათ შორის, გვქონდა მსჯელობა საარჩევნო საკითხებზე და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მსჯელობები კვლავაც გაგრძელდება და საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრებს რეგიონებშიც გავმართავთ, სადაც გავაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებიც კონსტიტუციაში უნდა აისახოს. უკვე მოგვიანებით, ივნისის თვეში საპარლამენტო განხილვები დაიწყება, რა დროსაც პარლამენტი იმსჯელებს იმ დამატებით ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება კონსტიტუციურ კანონში შევიდეს. ეს კი დამოკიდებული იქნება საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვებზე.
ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც ჩატარდება საყოველთაო-სახალხო განხილვა. ეს განხილვა, კანონმდებლობის და კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა და შესაბამისად ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ. ჩატარდება განხილვა და მის საფუძველზე მომზადდება ის დოკუმენტი, რომელსაც კენჭი საქართველოს პარლამენტში ეყრება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0