ირაკლი კობახიძემ შანდორ საბოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

11/07/2017

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, შანდორ საბოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა უნგრელი დიპლომატის საქმიანობა და საქართველოს და უნგრეთს შორის ბოლო წლებში განვითარებული ურთიერთობების დინამიკა, რომელიც უშუალოდ ელჩის ხელშეწყობით წარიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა შანდორ საბოს ელჩობისას განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებსა და მათ მნიშვნელობას. ამ პერიოდში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები ბუდაპეშტში და ასევე მომზადდა უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის სტუმრობა საქართველოში, რომელიც წლის ბოლოსთვის იგეგმება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უნგრეთის ელჩის თაოსნობით, დეკემბერში საქართველოში უნგრეთის დღეები გაიმართება, რაც ორი ქვეყნის დაახლოებასა და კულტურული ურთიერთობების გამყარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
პარლამენტის თავმჯდომარემ უნგრელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. უნგრეთის ელჩთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0