ირაკლი კობახიძე აშშ-ს კონგრესის “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარეს შეხვდა

06/02/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც შეხვედრა “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარესთან, სენატორ როჯერ ვიკერთან გამართა. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. როჯერ ვიკერმა ირაკლი კობახიძეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. საუბარი, ასევე, საქართველოს თავდაცვის სფეროს განვითარებას, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო.
პარლამენტის თავმჯდომარემ და სენატორმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„შეხვედრა გავმართეთ სენატორ როჯერ ვიკერთან, რომელიც საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია. ის არის ინიციატორი რეზოლუციის პროექტისა, რომელიც განიხილება სენატში და რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ჩვენ დღეს, ძირითადად, შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, ჩვენი თავდაცვის სისტემის განვითარება, საუბარი გვქონდა სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. პირველ რიგში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატოსთან თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, მათი რჩევები ჩვენი თავდაცვის სისტემის გაძლიერების თვალსაზრისით“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, გასული წელი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით წარმატებული იყო. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებული დინამიკის კიდევ უფრო გასააქტიურებლად ქართული მხარე ძალისხმევას არ დაიშურებს.

„2017 წელი იყო ნამდვილად შთამბეჭდავი წელი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ტემპი შენარჩუნდება და ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ამისთვის, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0